მუხლი 13. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა, გადასახადის განაკვეთი და დაბეგვრის წესი
წინა რედაქცია
1. მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
2. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას, შედგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან და იბეგრება:
ა) 1 პროცენტით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) 3 პროცენტით, თუ მისმა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი 3%-იანი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვე) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
მაგალითი 1:
პირობა:
გიორგის მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ფლობს „მინიმარკეტს“, სადაც ეწევა სურსათის საცალო ვაჭრობას. ამ საქმიანობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2019 წლის 20 ოქტომბერს გადააჭარბა 500 000 ლარს.
ანალიზი:
მცირე ბიზნესის მიერ საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას.
შედეგი:
2019 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 1%-იანი განაკვეთით, ხოლო 1 ოქტომბრიდან კალენდარული წლის დასრულებამდე მიღებული შემოსავალი – 3%-იანი განაკვეთით.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას:
ა) გაიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლების გათვალისწინებით;
ბ) იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მცირე ბიზნესის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში.
მაგალითი 2:
პირობა:
გიორგის მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ფლობს „მინიმარკეტს“, სადაც ახორციელებს სურსათის საცალო ვაჭრობას. ამ საქმიანობის ნაწილში 2019 წლის განმავლობაში მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 200 000 ლარი. გიორგი ასევე ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, საიდანაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2019 წლის განმავლობაში შეადგინა 50 000 ლარი.
ამასთან, ამავე წელს მან:
– ფიზიკური პირისგან პროცენტის სახით მიიღო შემოსავალი 6000 ლარის ოდენობით;
– გაყიდა საცხოვრებელი სახლი 62000 ლარად, რომელიც წინა წელს შეძენილი ჰქონდა 50000 ლარად;
– უცხოური საწარმოდან დივიდენდის სახით მიიღო 13000 ლარი;
– რეზიდენტი საწარმოსგან ხელფასის სახით მიიღო შემოსავალი 15000 ლარი.
ანალიზი:
ამ შემთხვევაში გიორგის მიერ საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას.
პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი და დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც ჩვეულებრივი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი. ამასთან, ასეთი ტიპის შემოსავლები მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება.
იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული ტიპის შემოსავალი არ არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც შემოსავალი, რომელიც არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში, იგი გაითვალისწინება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.
ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარება ჩვეულებრივი რეჟიმით დაბეგვრას.
შედეგი:
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ 2019 წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც გაითვალისწინება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას, შეადგენს 250 000 ლარს (200 000+50 000).
პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი 6000 ლარი, ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი 12000 ლარი (62000-50000) და მიღებული დივიდენდი 13000 ლარი არ მიიღება მხედველობაში წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები ასევე იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
– მცირე ბიზნესის მიერ საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 1%-იანი განაკვეთით ყოველთვიურად, რის თაობაზეც პირი შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას;
– პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი ჩაირთვება გიორგის ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით, ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 5%-იანი განაკვეთით. საქმიანობის ამ ნაწილში გიორგი 2020 წლის 1 აპრილამდე წარადგენს საშემოსავლო გადასახადის 2019 წლის წლიურ დეკლარაციას;
– სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან, ვინაიდან 2019 წელს ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;
– დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან;
– ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარება ჩვეულებრივი რეჟიმით დაბეგვრას და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან.
მაგალითი 3:
პირობა:
გიორგის მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ფლობს „მინიმარკეტს“, სადაც ახორციელებს სურსათის საცალო ვაჭრობას. გიორგი ასევე ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. 2019 წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ჩათვლით მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა გადააჭარბა 500 000 ლარს. კერძოდ, ვაჭრობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ჩათვლით შეადგინა 300 000 ლარი. ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა – 250 000 ლარი.
ანალიზი:
ამ შემთხვევაში გიორგის მიერ საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას.
იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც შემოსავალი, რომელიც არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში, იგი გაითვალისწინება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.
შედეგი:
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ 2019 წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ჩათვლით მიღებული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც გაითვალისწინება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას, შეადგენს 550 000 ლარს (300 000+250 000).
იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა გადააჭარბა 200 000 ლარს, ხოლო ჯამურმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, მცირე ბიზნესის მიერ როგორც ვაჭრობიდან, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 1%-იანი განაკვეთით ყოველთვიურად ოქტომბრის თვემდე, ხოლო ოქტომბრის თვის დასაწყისიდან წლის ბოლომდე მიღებული შემოსავალი – 3%-იანი განაკვეთით. პირი შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ორგანოში წარადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას.
წინა რედაქციის შენიშვნები (6)
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №207 - ვებგვერდი, 12.04.2011წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №88 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება №247 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 04.12.2024წ.