მუხლი 8. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმება
წინა რედაქცია
1. მიმდინარე საგადასახადო წელს მიკრო ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს წერილობითი განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;
ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს.
გ) ფიზიკურმა პირმა განახორციელა მიკრო ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა;
დ) ფიზიკური პირს ჰყავს დაქირავებული (აღნიშნულის მიზნებისათვის დაქირავებულად არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ ოჯახის წევრები);
ე) ფიზიკურ პირს წარმოეშვა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება;
ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს (აღნიშნული არ ეხება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ან განსაზღვრული შემოსავლის სახეებს, რომელიც არ გაითვალისწინება აღნიშნული ზღვრის გაანგარიშებისას).
2. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს (აღნიშნული არ ეხება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ან განსაზღვრული შემოსავლის სახეებს, რომელიც არ გაითვალისწინება აღნიშნული ზღვრის გაანგარიშებისას) ან იგი დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას, მას უფლება აქვს ამ მომენტის დადგომიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს მიმართოს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით. აღნიშნული უფლების არგამოყენების შემთხვევაში მას ავტომატურად გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გამოვა დაბეგვრის სპეციალური რეჟიმიდან.
3. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია მიკრობიზნესისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელებამდე მიმართოს საგადასახადო ორგანოს მიკრობიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.
4. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი განახორციელებს მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო უუქმებს მას მიკრო ბიზნესის სტატუსს და ფიზიკური პირი გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. ამასთან, აღნიშნული იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში გადამხდელს ეგზავნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
6. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ექვემდებარება დაბრუნებას.
წინა რედაქციის შენიშვნები (1)
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.