მუხლი 48. საქართველოს საგადასახადო ორგანოები
1. საქართველოს საგადასახადო ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და მის შემადგენლობაში შემავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები.
2. შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე ადგილსამყოფელი.
3. საქართველოში საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება სხვა ორგანოს აქვს მინიჭებული.