სარჩევი
მუხლი 111¹⁵

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 111¹⁵. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული გადასახადებისაგან/გადასახდელებისაგან გათავისუფლების წესი და პირობები

1. ამ კარის მიზნებისთვის, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად განიხილება „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული ჩამონათვალით გათვალისწინებული ქვეყნები (მათ შორის, ქვეყნები, რომლებიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონედ განიხილებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად).

2. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული  უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისაგან, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი პირობები:

ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის/საქონლის საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემა და იმპორტი განხორციელებულია 2028 წლის 1 იანვრამდე;

ბ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ან ფიზიკურ პირთა ჯგუფი ფლობს;

გ) ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს 2024 წლის 5 ივნისის მდგომარეობით;

დ) ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს აქტივის/საქონლის საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემის და იმპორტის მომენტისთვის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანისას, იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების მიზნით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს საწარმოსთვის საკუთრების უფლებით გადაცემული აქტივის/საქონლის იმპორტის განმახორციელებელი პირი (საქართველოს საწარმო) იმპორტის თითოეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით (დანართი №VII7-01), რომელსაც უნდა ერთოდეს:

ა) უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციის ფლობის  დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილის/აქციის) 2024 წლის 5 ივნისამდე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;

გ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილის/აქციის) საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის ან/და კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. საგადასახადო ორგანო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ბრძანებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე“, რომელიც უნდა მოიცავდეს იმ აქტივის/საქონლის დასახელებასა და ღირებულებას, რომელზეც გავრცელდება შეღავათი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადით.

6.  თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ხარვეზი ან არ წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ბრძანებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ“.

7. თუ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების წინაპირობების დარღვევის ფაქტი, შეღავათის მიმღებ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად.

8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილის მიზნებისთვის:

ა) ფიზიკური პირის (ფიზიკურ პირთა ჯგუფის) მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს წილის/აქციების ფლობად განიხილება  ფიზიკური პირის (ფიზიკურ პირთა ჯგუფის) მიერ წილის/აქციების როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი (მათ შორის, მინდობილი საკუთრების ან ტრასტის ბენეფიციარის ფორმით) ფლობა;

ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემად განიხილება:

ბ.ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს მიერ საქართველოს საწარმოსთვის ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების უსასყიდლოდ გადაცემა;

ბ.ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს მიერ ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე გადაცემა (მათ შორის, უსასყიდლოდ, დივიდენდის განაწილების ან სხვა ფორმით) და ამავე პირის მიერ მიღებული ყველა აქტივის საქართველოს საწარმოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა ან/და საქართველოს საწარმოს კაპიტალში შეტანა;

გ) ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

გ.ა) საქართველოს საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებისას კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება გადაცემული ყველა აქტივის იმ ღირებულებით, რა ღირებულებაც ამ  აქტივებს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსთვის გააჩნდა მათი გადაცემის მომენტისთვის;

გ.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიზნებისათვის საქართველოს საწარმოსთვის აქციის/წილის ან/და სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის საკუთრების უფლებით გადაცემა არ განიხილება საქართველოს საწარმოს მიერ აქციის/წილის შეძენად ან/და სესხის გაცემად;

დ) ყველა აქტივი გულისხმობს 2024 წლის 5 ივნისის მდგომარეობით შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებულ იმ ყველა აქტივს/საქონელს, რომელიც მას საკუთრებაში გააჩნია გადაცემის მომენტისათვის.

9. საგადასახადო ორგანო  ინფორმაციას პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის განხორციელების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უგზავნის სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, აღნიშნული ოპერაციის განხორციელების ფაქტის დაფიქსირებიდან/გამოვლენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №329 - ვებგვერდი, 02.10.2024წ.