№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 64². ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებული ტერმინები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში, კერძოდ:
ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური – საცალო მომხმარებლის ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლ(ებ)ის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე (იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით);
ბ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა.
გ) მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი;
დ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი;
ე) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი;
ვ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.
ცვლილებების ისტორია 2
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 16.01.2017წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №303 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.