№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 76. აქციზის დეკლარაცია
1. პირები, რომელთაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ეკისრებათ აქციზის გამოანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგენენ აქციზის დეკლარაციას წერილობით ან ელექტრონულად №IV-01 დანართის ფორმით.
2. შესწორებული დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს იმ საგადასახადო პერიოდში მოქმედი ფორმით, რომელი პერიოდის აქციზის შესწორებაც ხდება.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენის შესახებ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ამ ინსტრუქციის დანართი №IV-041-ის შესაბამისად შედგენილი „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ აქტი“ ითვლება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ, აქტის შედგენის თარიღით, აქციზის დეკლარირებად.
4. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენისას, აქციზის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) ნაცვლად, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება რეზიდენტი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული აქციზის ოდენობის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, აქციზის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მოხდება ამ ინსტრუქციის დანართი №IV-041-ის შესაბამისად „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ აქტის“ შედგენის თარიღისათვის მოქმედი განაკვეთით.
5. ამ ინსტრუქციის დანართი №IV-061-ის შესაბამისად შედგენილი „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ აქტი“ ითვლება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ დეკლარირებული აქციზის თანხის დაზუსტებად და ამ პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული აქციზის თანხის შემცირების საფუძველია.
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 თებერვლის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 25.02.2026წ.