მუხლი 80¹. შერჩეული პირის მიერ აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად საჭირო მატერიალური ფორმის მარკების გაცემა
წინა რედაქცია
1. აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად მეწარმე სუბიექტი შერჩეულ პირს წარუდგენს ინფორმაციას აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად საჭირო მატერიალური ფორმის მარკების (შემდგომში – მატერიალური ფორმის მარკა) წლიური საპროგნოზო მოთხოვნის თაობაზე.
2. საპროგონოზო ინფორმაციის წარდგენა ელექტრონულად უნდა განხორციელდეს ყოველ კვარტალურად იანვრის, აპრილის, ივლისის და ოქტომბრის თვის არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა. ამასთან, საპროგნოზო ინფორმაცია წარედგინება როგორც კვარტალის სამივე თვეზე ცალ-ცალკე, ასევე მიმდინარე წლის მთლიანი ნუსხა. ყოველთვიური საპროგნოზო შეკვეთისას აუცილებელია ასევე მომდევნო 3 თვის განმავლობაში მოსათხოვი მატერიალური ფორმის მარკების ნუსხის დადასტურება ან კორექტირება. გარდა ამისა, ივლისის თვის ინფორმაციის მიწოდებისას მეწარმე სუბიექტი აზუსტებს მიმდინარე წლის საპროგნოზო შეკვეთას.
3. მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადი ელექტრონული ფორმით წარედგინება შერჩეულ პირს.
4. მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ წარდგენილ შეკვეთაში-განაცხადში მიეთითება:
ა) მომხმარებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) მატერიალური ფორმის მარკების დანიშნულება;
გ) მატერიალური ფორმის მარკების მიწოდების სასურველი თარიღი;
დ) საქონლის დასახელება;
ე) გასაცემი მატერიალური ფორმის მარკების შეფუთვების რაოდენობა სახეობების მიხედვით (რულონი,ყუთი).
5. შემოსავლების სამსახური განიხილავს პირის მიერ წარმოდგენილ განაცხადს და 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურების თაობაზე.
51. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურების მიზნით, პირს მოსთხოვოს დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მარკების გაცემასთან.
52. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადასახადის გადამხდელთან გაფორმებულია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება) წარმოადგენს განაცხადის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს.
53. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი (განაცხადის დადასტურების მომენტისთვის პირს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ იქნა წარმოდგენილი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია), შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
54. მატერიალური ფორმის მარკების შეძენაზე განაცხადის დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში, შერჩეული პირი განმცხადებელს უგზავნის შეტყობინებას მატერიალური ფორმის მარკების მიწოდების თარიღის თაობაზე და ინვოისს გადასახდელი ნომინალური ღირებულების თანხისა და ანგარიშის რეკვიზიტების მითითებით. ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს 4 კალენდარულ დღეში. აღნიშნული
პერიოდის გასვლის შემდგომ შერჩეული პირი უფლებამოსილია გააუქმოს განაცხადი და უარი თქვას მატერიალური ფორმის მარკების გაცემაზე.
6. მატერიალური ფორმის მარკები გაიცემა შეფუთული სახით ინვოისში მითითებული გადასახდელი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
7. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე თვის დადასტურებული შეკვეთა მატერიალური ფორმის მარკების სახეობების მიხედვით ემთხვევა გადამხდელის მიერ გაკეთებულ საპროგნოზო რაოდენობას, შერჩეული პირი მატერიალური ფორმის მარკების გაცემას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის დადასტურებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარულ დღეში.
8. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე თვის დადასტურებული შეკვეთა მატერიალური ფორმის მარკების სახეობების მიხედვით 25%-დან 100%-მდე აჭარბებს გადამხდელის მიერ ბოლო პროგნოზირებული თვისთვის მითითებულ რაოდენობას, შერჩეული პირი მატერიალური ფორმის მარკების გაცემას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის დადასტურებიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
9. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე თვის დადასტურებული შეკვეთა მატერიალური ფორმის მარკების სახეობების მიხედვით 100%-დან 400%-მდე აჭარბებს გადამხდელის მიერ ბოლო პროგნოზირებული თვისთვის მითითებულ რაოდენობას, შერჩეული პირი მატერიალური ფორმის მარკების გაცემას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის დადასტურებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
10. მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია, წლის განმავლობაში გაიტანოს ივლისის თვეში წარდგენილი საპროგნოზო მოთხოვნის არანაკლებ 70%. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შერჩეულ პირს უფლება აქვს მწარმოებლისგან/იმპორტიორისგან მოითხოვოს შესაბამისი (70%- მდე დარჩენილი) რაოდენობის ნომინალური ღირებულების გადახდა.
11. წუნდებული მატერიალური ფორმის მარკების აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელი მიმართავს შერჩეულ პირს აქციზური მარკების შეცვლის თაობაზე. შერჩეული პირი განცხადებას განიხილავს შემოსავლების სამსახურის დასტურის მიღების შემდეგ. წუნდებული საქონლის დადასტურების შემთხვევაში შერჩეული პირი ახდენს მარკების შეცვლასა და აღრიცხვას.
12. თამბაქოს და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებელთან გადაგზავნამდე აქციზური მარკების შეფუთვა ხდება აქციზური მარკების გაცემის ადგილზე, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, მეწარმე სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის, შემოსავლების სამსახურის ან/და შერჩეული პირის წარმომადგენლების თანდასწრებით, რაზედაც ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
13. შერჩეული პირის მიერ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირზე აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების განსახორციელებლად მატერიალური ფორმის მარკები არ გაიცემა.
14. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირზე არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად საჭირო მატერიალური ფორმის მარკების გაცემა შერჩეული პირის მიერ ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
წინა რედაქციის შენიშვნები (9)
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №209 – ვებგვერდი, 20.06.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №406 – ვებგვერდი, 21.09.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №356 - ვებგვერდი, 26.11.2019წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 22.05.2020წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.11.2020წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 09.03.2022წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 10 მაისის ბრძანება №141 - ვებგვერდი, 11.05.2022წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.