სარჩევი
№996 · მუხლი 80 · წინა რედაქცია

მუხლი 80. შემოსავლების სამსახურის მიერ აქციზური მარკების გაცემა

წინა რედაქცია

1. აქციზური მარკების რეალიზაციას ახორციელებს შემოსავლების სამსახური ცენტრალიზებული წესით.

2. აქციზური მარკების გაცემა ხორციელდება:

ა) მეწარმე სუბიექტზე, გარდა სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისა – აქციზური მარკების შეძენის შესახებ მათი განაცხადის საფუძველზე;

ბ) ფიზიკურ პირზე – საფოსტო გზავნილით შემოტანილი აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის კონტროლის ზონაში მარკირებისათვის – პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე;

გ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირზე – აქციზური მარკების შეძენის შესახებ განაცხადის და აქციზის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) ან შესაბამისი საბანკო გარანტიის საფუძველზე.

3. მეწარმე სუბიექტის განაცხადი ელექტრონული ფორმით აქციზური მარკების მოთხოვნის შესახებ ამ მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინება შემოსავლების სამსახურს.

4. (ამოღებულია – 24.03.2015,N87).

5. აქციზური მარკების შეძენის შესახებ წარდგენილ განაცხადში მიეთითება:

ა) გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) აქციზური საქონლის დანიშნულება;

გ) საქონლის დასახელება;

დ) გამოყენებული ნაწარმის მოცულობა ან ღერების რაოდენობა და ზომის ერთეული.

6. განაცხადს აქციზური მარკის შეძენაზე უნდა ერთოდეს სპეციფიკაცია მოთხოვნილი აქციზური მარკების თაობაზე №IV-03 დანართის შესაბამისად და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალების ასლი, ხოლო სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის განაცხადის შემთხვევაში, ასევე – აქციზის ოდენობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება) ან შესაბამისი საბანკო გარანტია. გადამხდელის წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში, განაცხადს ასევე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. მეწარმე სუბიექტი/წარმომადგენელი და შემოსავლების სამსახურის აქციზური მარკების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადგენენ აქტს აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების შესახებ (დანართი №IV-04), გარდა ამავე მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

71. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირი ან მისი წარმომადგენელი და შემოსავლების სამსახურის აქციზური მარკების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი 2 ეგზემპლარად ადგენენ აქტს აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და აქციზის თანხის გადახდის შესახებ (დანართი №IV-041) ამ მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საგადასახადო ორგანოში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამოწურულია მოთხოვნილი სახის აქციზური მარკების მარაგი, აღნიშნული მარაგის შევსებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს ან მის წარმომადგენელს.

8. თამბაქოს ნაწარმის იმპორტის შემთხვევაში, განაცხადს ასევე, უნდა ერთოდეს:

ა) თამბაქოს ნაწარმის ნასყიდობის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი და მისი მწარმოებელი ერთი და იგივე პირია. ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის სრული იურიდიული მისამართი, სადაც იგზავნება აქციზური მარკები;

ბ) ხელშეკრულება საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციასთან. 9. შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების პირობების ფარგლებში, უზრუნველყოფს აქციზური მარკების თამბაქოს მწარმოებელთან შეუფერხებლად გაგზავნის ორგანიზებას შეფუთული სახით, მათი რაოდენობის, სერიებისა და ნომრების ჩვენებით.

10. თამბაქოს მწარმოებელთან გადაგზავნამდე აქციზური მარკების შეფუთვა ხდება აქციზური მარკების შენახვის ადგილზე, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, მეწარმე სუბიექტისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით.

11. საქართველოს ფარგლებს გარეთ თამბაქოს მწარმოებლისათვის გადასაგზავნად აქციზური მარკების გადაცემა საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციისათვის ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე №IV-05 დანართის შესაბამისად. მიღება-ჩაბარების აქტი დამოწმებული უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციისა და მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ხელმოწერებითა და შესაბამისი ბეჭდებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

12. საქართველოს საზღვრებს გარეთ წარმოებული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების აქტი ივსება 3 ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა შემოსავლების სამსახურს, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციას და მეწარმე სუბიექტს.

13. შემოსავლების სამსახურის მიერ აქციზური მარკების გაცემის შემთხვევაში, თუ მეწარმე-სუბიექტის მიერ წარმოდგენილ სპეციფიკაციაში (ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში) აღნიშნული იქნება ისეთი მოცულობის ტარა, რომელიც ზუსტად არ მიესადაგება აქციზურ მარკებზე აღნიშნულ მოცულობებს, გაიცემა ამ ბრძანებით დადგენილი ყველაზე მიახლოებული, უფრო დაბალი ტარის მოცულობისათვის

განკუთვნილი აქციზური მარკები.

14. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, გასცეს არსებული სხვა სახეობისა და სეს ესნ-ის სხვა კოდის საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა, ხოლო პროდუქციის სახეობის ფარგლებში, სეს ესნ-ის შესაბამისი კოდის მქონე იმპორტული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, მარკირების/ნიშანდების მოთხოვნების (მათ შორის, ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარების ან/და საკოლექციო მიზნით საქართველოში შემოტანილი) სრულად დაკმაყოფილების მიზნით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, გასცეს სეს ესნ-ის სხვა კოდის საქონლისათვის განკუთვნილი იგივე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში მარაგში არსებული ყველაზე დაბალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა.

15. შემოსავლების სამსახური მატერიალური ფორმის აქციზური მარკების გაცემას ახორციელებს ეტაპობრივად, თითოეული პროდუქციის სახეობაზე არსებული აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შესაბამისად.

16. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ აქციზური მარკების შეძენის შემთხვევაში, შეძენილი აქციზური მარკები შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ გადახდილია შესაბამისი აქციზის გადასახადი ან წარდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტია.

წინა რედაქციის შენიშვნები (8)
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 მარტის ბრძანება №80 – ვებგვერდი, 14.03.2012წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №129 – ვებგვერდი, 26.04.2012წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №209 – ვებგვერდი, 20.06.2012წ.
  5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანება N87 – ვებგვერდი, 25.03.2015წ.
  6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ.
  7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №248 - ვებგვერდი, 07.08.2015წ.
  8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 22.05.2020წ.