სარჩევი
№999 · მუხლი 14 · წინა რედაქცია

მუხლი 14. საგადასახადო ვალდებულების შესრულება მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისას და გაუქმებისას

წინა რედაქცია

1. თუ ფიზიკური პირი მიმდინარე საანგარიშო წელს გადაწყვეტს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებას ან/და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლას, მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას. ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით.

11. ფიზიკური პირისთვის საანგარიშო წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, იგი არასრულ საგადასახადო პერიოდში (შესაბამისი წლის დასაწყისიდან სტატუსის მინიჭების თვემდე) მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს, აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, მიმდინარე გადასახდელები არ დაერიცხება.

12. ფიზიკური პირის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, სტატუსის გაუქმების წელს, პირს მიმდინარე გადასახდელები არ დაერიცხება.

2. თუ ფიზიკურ პირს გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტატუსი გაუქმებულად ითვლება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან. აღნიშნულ კალენდარულ წელს გადამხდელი ვალდებულია მიღებული შემოსავალი დაბეგროს მცირე ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით.

21. თუ ფიზიკურ პირს გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

მაგალითი 1:

პირობა:

გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2017 წელს. მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის 5 ოქტომბერს გადააჭარბა 500 000 ლარს, ხოლო 2020 წელს მიღებულმა შემოსავალმა 500 000-ს გადააჭარბა 25 სექტემბერს.

ანალიზი:

იმის გათვალისწინებით, რომ გიორგის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2019 და 2020 წლის მიხედვით, თითოეული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა, მას გაუუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის საფუძველზე გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვლება 2021 წლის დასაწყისიდან.

შედეგი:

გიორგის მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 1%-იანი განაკვეთით, ხოლო 1 ოქტომბრიდან 2019 წლის დასრულებამდე მიღებული შემოსავალი - 3%-იანი განაკვეთით. ამასთან, იგი 2020 წლის დასაწყისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით მიღებულ შემოსავლებს დაბეგრავს მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 1%-იანი განაკვეთით, ხოლო 1 სექტემბრიდან 2020 წლის დასრულებამდე მიღებულ შემოსავლებს - 3%-იანი განაკვეთით. 2021 წლიდან მიღებული შემოსავლები დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.

მაგალითი 2:

პირობა:

გიორგიმ 2023 წლის 25 აპრილს მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება.

ანალიზი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა 1 მაისიდან.

შედეგი:

2023 წლის 1 მაისამდე გიორგის მიერ მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით. ხოლო 2023 წლის 1 მაისიდან წლის ბოლომდე მიღებული შემოსავლები ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.

მაგალითი 3:

პირობა:

2021 წელს საგადასახადო შემოწმებით გამოვლინდა, რომ გიორგიმ, რომელსაც ჰქონდა მცირე ბიზნესის სტატუსი, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით 2020 წლის მარტში მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამასთან, დგინდება, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით მას საგადასახადო ორგანოსთვის არ მოუმართავს.

ანალიზი:

იმის გათვალისწინებით, რომ გიორგის გაუქმებული აქვს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია, იგი აღარ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს.

შედეგი:

გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან.

წინა რედაქციის შენიშვნები (5)
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №248 - ვებგვერდი, 16.08.2019წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება №227 - ვებგვერდი, 26.06.2023წ.
  5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №403 - ვებგვერდი, 31.10.2023წ.