№3303-რს · დაგროვებითი პენსიის შესახებ
მუხლი 37⁷. ინფორმაციის/დოკუმენტის გაცნობა
1. საპენსიო ფონდის მიერ მიღებული/გამოცემული, ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი დამსაქმებელს ეგზავნება/წარედგინება ელექტრონული სისტემისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ ინფორმაცია დამსაქმებელს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვაგვარი ელექტრონული შეტყობინების სახით, თუ ელექტრონულ სისტემაში ან/და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. თუ საპენსიო ფონდს არ აქვს დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, იგი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოპოვებას.
3. საპენსიო ფონდის მიერ გაგზავნილი/წარდგენილი გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა მხოლოდ ადრესატის მიერ მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემაში გაცნობისთანავე (ნახვისთანავე), ხოლო ამ ინფორმაციის/ დოკუმენტის რამდენიმე ფორმით გაგზავნის/წარდგენის შემთხვევაში მისი ჩაბარების თარიღად პირველად გაცნობის თარიღი ითვლება.
4. თუ ელექტრონულ სისტემასა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ გადაწყვეტილებას/ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას/დოკუმენტს ადრესატი არ გაეცნო განთავსებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს მის საჯაროდ გავრცელებას.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტი საჯაროდ ვრცელდება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით. საჯაროდ განთავსებული გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ განთავსებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.