№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 111. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის საგადასახადო კონტროლი
საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის მიმართ განახორციელოს მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები.
მაგალითი 1:
გიორგი აპირებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილების მოკლე ვადით გაცემას ქ. ბათუმსა და ბორჯომში. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით მას შეუძლია განცხადებით (დანართი №VII-01) მიმართოს საგადასახადო ორგანოს და განცხადებაში მიუთითოს ორივე მისამართი.
მაგალითი 2:
გიორგი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე საქართველოს მოქალაქე, ახორციელებს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას. მან 2011 წლის 10 აგვისტოს მიმართა საგადასახადო ორგანოს ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით. განცხადებაში მიუთითა, რომ სურს 100 კვ.მ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის ფართობის მოკლე
ვადით გაცემა 2011 წლის ივლისის, აგვისტოს და ოქტომბრის თვეებში. საგადასახადო ორგანომ 3 დღის ვადაში განიხილა და დააკმაყოფილა განცხადება, რის შედეგადაც გაიცა ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის სერტიფიკატი.
გიორგიმ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადოს 100 კვ.მ ფართობის მიხედვით არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა (100 კვ.მ X 10 ლარი X 2 თვე (ივლისი, აგვისტო) = 2000 ლარი) და არა უგვიანეს 15 იანვრისა (100 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე (ოქტომბერი) = 1000 ლარი).
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე, მასზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათი არ გაითვალისწინება.
მაგალითი 3:
გიორგი ახორციელებს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას. ამასთან, აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაქირავებულ პირს – დავითს, რომელიც არ იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, უნაზღაურებს ხელფასს თვეში 200 ლარს. გიორგის აღნიშნულ განაცემზე საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ წარმოეშვება. ამასთან, დავითის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.
მაგალითი 4:
პირობები იგივეა, რაც მე-2 მაგალითში.
გიორგიმ 2011 წლის 15 აგვისტოს განმეორებით მიმართა საგადასახადო ორგანოს განცხადებით იმის თაობაზე, რომ მას სურს სექტემბრის თვეში 150 კვ.მ ფართობის, ხოლო ოქტომბრის თვეში 50 კვ.მ ფართობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა.
აღნიშნულ შემთხვევაში, გიორგიზე საგადასახადო ორგანოს მიერ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადახდის პერიოდზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი ცვლილების გათვალისწინებით. ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეზე გიორგის გაეგზავნება შეტყობინება დარიცხული გადასახადის შესახებ 30 სექტემბრის მდგომარეობით.
ივლისი – 100 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 1000 ლარი
აგვისტო – 100 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 1000 ლარი
სექტემბერი – 150 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 1500 ლარი.
გიორგიმ აღნიშნულ თვეებზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი (3500 ლარი) უნდა გადაიხადოს არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა.
ოქტომბრის თვეზე გიორგის გაეგზავნება შეტყობინება დარიცხული გადასახადის შესახებ 31 დეკემბრის მდგომარეობით.
ოქტომბერი – 50 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 500 ლარი.
გიორგიმ ოქტომბრის თვეზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი (500 ლარი) უნდა გადაიხადოს არა უგვიანეს 2012 წლის 15 იანვრისა.
მაგალითი: 5
გიორგის საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი. მან გადწყვიტა 5 ოთახის მოკლე ვადით გაცემა, რომლის საერთო ფართია 100 კვ.მ., მათ შორის საცხოვრებლად გამოსაყენებელი ფართი შეადგენს 80 კვ. მ., ხოლო დანარჩენ ფართს იკავებს დამხმარე ფართი და სველი წერტილები. გიორგიმ 2011 წლის 31 ივლისს განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით. მან განცხადებაში უნდა მიუთითოს მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ოთახების ფართობი – 80 კვ.მ.
ცვლილებების ისტორია 2
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №435 – ვებგვერდი, 12.08.2011 წ
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ.