მუხლი 111³. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭება
წინა რედაქცია
1. პირი, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ბაზრობის ორგანიზებისა) ეწევა, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მიმართოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ პირს მინიჭებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი.
2. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით დაინტერესებული პირი განცხადებით (დანართი №VII3-01) მიმართავს საგადასახადო ორგანოს.
3. განცხადებას უნდა ერთვოდეს პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრობის ტერიტორიის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. საგადასახადო ორგანო:
ა) განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ბ) განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის და ხარვეზების შესახებ აცნობებს განმცხადებელს და განუსაზღვრავს ვადას მის შესავსებად. ასეთ შემთხვევაში, განცხადების განხილვის 10-დღიანი ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე.
გ) განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში პირს ანიჭებს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს (დანართი №VII3-02).
5. საგადასახადო კონტროლის ღონისძიებათა შედეგად იმ პირის გამოვლენისას, რომელიც საქართველოში ბაზრობის ორგანიზებას ეწევა, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღნიშნულ პირს საკუთარი ინიციატივით მიანიჭოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოადგენა სავალდებულო არ არის, რაც არ ათავისუფლებს მას აღნიშნული დოკუმენტაციის შემდგომში წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ბაზრობის ორგანიზებია) ეწევა, ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრობის ტერიტორიის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. პირი ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონედ ითვლება ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
წინა რედაქციის შენიშვნები (1)
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანება №259 - ვებგვერდი, 29.06.2018წ.