სარჩევი
№996 · მუხლი 111⁶ · წინა რედაქცია

მუხლი 111⁶. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის მიერ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი

წინა რედაქცია

1. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 3%-ით, გამოქვითვების გარეშე. ამ შემთხვევაში გადასახადის დეკლარირება და გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

3. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი უფლებამოსილია უარი თქვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლის დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე, რის შესახებაც მან განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის შემოსავალი დაიბეგრება საგადასახადო კოდექსის 79-ე–81-ე და 82-ე მუხლების შესაბამისად.

ბ) გადასახადის დეკლარირება ხორციელდება საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის (№II-04 დანართი) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენის გზით.

წინა რედაქციის შენიშვნები (1)
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანება №259 - ვებგვერდი, 29.06.2018წ.