სარჩევი
მუხლი 17

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 17. საგადასახადო მოთხოვნა

1. საგადასახადო/საბაჟო ორგანო პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ვალდებულებაა;

ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება.

2. საგადასახადო მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:

ა) საგადასახადო მოთხოვნის გამომცემი საგადასახადო/საბაჟო ორგანო და მისი მისამართი;

ბ) საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თარიღი და ნომერი;

გ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;

დ) საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველი, საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის დარიცხვა ან/და საგადასახადო/საბაჟო სანქციის დაკისრება;

ე) საგადასახადო მოთხოვნის შინაარსი – დარიცხული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, საგადასახადო მოთხოვნის შესრულების ვადა და წესი, შეფარდებული სანქციის სახე (გარდა ჯარიმისა და საურავისა);

ვ) პირის უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა და წესი;

ზ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც პირის მიმართ გამოიყენება საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში;

თ) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.

3. პირს შეიძლება წარედგინოს შემდეგი სახის საგადასახადო მოთხოვნა:

ა) დარიცხული თანხების შესახებ – №I-09 დანართის შესაბამისად;

ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე – №I-10 დანართის შესაბამისად;

გ) (ამოღებულია – 30.12.2015, №470).

დ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ – №I-101 დანართის შესაბამისად.

4. საგადასახადო/საბაჟო ორგანო გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნას უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების/საბაჟო კონტროლის მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

41. გადასახადის ან/და სანქციის გადაანგარიშების შედეგად გადასახადის გადამხდელს ეგზავნება კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

5. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნა ელექტრონული ფორმით აღირიცხება საგადასახადო მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალში, №I-12 დანართის შესაბამისად.

6. სავარაუდო დარიცხვის შემთხვევაში, პირს საგადასახადო მოთხოვნა არ წარედგინება.

ცვლილებების ისტორია 4
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის ბრძანება №152 - ვებგვერდი, 16.04.2018წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 16 ივლისის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 17.07.2019წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.