სარჩევი
მუხლი 19

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 19. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა

1. დაინტერესებული პირი, წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს დანართი №I-15-ით გათვალისწინებული ფორმით, რომელიც ივსება დანართი №I-151-ით დადგენილი წესის შესაბამისად, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით;

ბ) იმ მოსაკრებელთან დაკავშირებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.

2. შემოსავლების სამსახური შეისწავლის პირის მიერ წარდგენილ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნას და უფლებამოსილია:

ა) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მიუთითოს პირს ხარვეზის გამოსწორების თაობაზე;

ბ) ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გაცემაზე.

3. ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენის მოთხოვნით, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს აღნიშნული ვადა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადით ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ან/და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

4. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომლის შემოწმების მიზნითაც მას უკვე ჩაბარდა საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება/შეტყობინება ან რომელზედაც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ პერიოდზე, რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ;

გ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხის შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ არ განხორციელებულა დამატებით თანხის დარიცხვა ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენება და პირი ითხოვს წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემას მომავალში განსახორციელებელ ოპერაციებზე;

დ) საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამო პირის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

ე) პირის მიერ მოთხოვნაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა;

ვ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით;

ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილის მოტივირებული გადაწყვეტილება.

5. წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა მისი განხილვისა და წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, ეგზავნება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შექმნილ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს.

6. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვისას. საჭიროების შემთხვევაში, მესამე პირისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოდგენამდე ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

61. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემამდე, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენი უფლებამოსილია, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში ასახული ინფორმაციის დაზუსტების ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით შეაჩეროს წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვა. ამ შემთხვევაში ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენის მიერ დაზუსტებული ინფორმაციის ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

7. წინასწარი გადაწყვეტილების პროექტი სამუშაო ჯგუფის მიერ წარედგინება შემოსავლების სამსახურის უფროსს, რის შემდგომაც შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის შეთანხმების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილე, №I-16 დანართის შესაბამისად, გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეგზავნება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმდგენ პირს.

9. (ამოღებულია – 27.02.2014, №64).

10. (ამოღებულია - 05.10.2020, №244).

11. (ამოღებულია - 05.10.2020, №244).

ცვლილებების ისტორია 4
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 მაისის ბრძანება №306 – ვებგვერდი, 25.05.2011წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №64 – ვებგვერდი, 28.02.2014წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №244 - ვებგვერდი, 06.10.2020წ.