სარჩევი
მუხლი 25²

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 25². ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები

1.ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე:

ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე-მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი;

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ:

ბ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი;

ბ.ბ) ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი;

ბ.გ) ძელაკზე – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე;

ბ.დ) შპალზე – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი;

ბ.ე) საპარკეტე ფრიზაზე – მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი;

ბ.ვ) შავად ნამზად დეტალზე – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი;

ბ.ზ) ფანერაზე (შპონი) – სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი;

ბ.თ) დაპობილ-დაჩეხილ სათბობ შეშაზე;

გ) ხე-მცენარეებზე – თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა);

დ) საშეშე მერქანზე – ხე-ტყის დამზადების შედეგად, მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან მიღებული 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.

2. ამ ინსტრუქციის 251 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის №II-013 დანართით დამტკიცებული ფორმის ზედნადებზე.

3. ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ:

ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების/ბრძანების ან/და სხვა დოკუმენტის საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები;

ბ) ხე-მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები;

გ) იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;

დ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მრგვალი ხე-ტყის (მორი), საშეშე მერქნის, ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;

ე) საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრებით მიღებული ხე-ტყის (მორის) ან/და საშეშე მერქნის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი;

ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მრგვალი ხე-ტყის (მორის), საშეშე მერქნის, ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

ზ) საშეშე მერქნის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები;

თ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის შემთხვევაში – საგადასახადო შემოწმების აქტი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

4. ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება:

ა) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – პროდუქტი) ტრანსპორტირებისას (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით;

ბ) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების თითოეულ პროდუქტზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული, ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში –რეგლამენტი) №14 დანართით გათვალისწინებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – ცნობა) ნომერი, თუ რეგლამენტით განსაზღვრული სახერხი საამქროდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტი გატანილია ამავე რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ცნობის გენერირების სახერხი საამქროსათვის ვალდებულების დადგენის მომენტიდან.

41. ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის:

ა) საშეშე მერქნის, აგრეთვე დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშის ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება;

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

გ) იმპორტირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას;

დ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5. ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე;

ბ) ხე-ტყის მომპოვებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტყიდან დანიშნულების ადგილამდე (პირველადი დასაწყობების ან პირველად გადამამუშავებელ ობიექტამდე) ტრანსპორტირებისას;

გ) თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ხე-მცენარეებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობით ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით ხე-მცენარეების მისი მესაკუთრის მიერ ტრანსპორტირებისას, გარდა მიწოდებისა;

დ) აუქციონის შედეგების შესახებ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას;

ე) ერთხელ უკვე გამოყენებული (მეორადი) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას;

ვ) მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას, ამ ინსტრუქციის 253 მუხლის შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შედგეს ამავე ქვეპუნქტში მითითებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. მიღება-ჩაბარების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება შედგენიდან არაუმეტეს 24 საათისა. ამასთან, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბრძანება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე არ წარმოადგენს ზედნადების გარეშე მერქნული რესურსის ტრანსპორტირების საფუძველს.

ამ მუხლს მიუთითებს

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

№996, მუხლი 112

ცვლილებების ისტორია 10
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №257 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №367 – ვებგვერდი, 19.11.2015წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 მაისის ბრძანება №94 – ვებგვერდი, 13.05.2016წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №122 – ვებგვერდი, 16.06.2016წ.
  5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 7 აპრილის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 07.04.2017წ.
  6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №349 - ვებგვერდი, 19.09.2018წ.
  7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 26 მარტის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 30.03.2020წ.
  8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 19.09.2022წ.
  9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 29 მაისის ბრძანება №181 - ვებგვერდი, 30.05.2023წ.
  10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №418 - ვებგვერდი, 13.11.2023წ.