№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 75¹. ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი (შემდგომში – ქვითარი) – უცხო ქვეყნის მოქალაქის (შემდგომში – უცხოელი) მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ამ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების საფუძველს (დანართი №III-26);
ბ) უფლებამოსილი გამყიდველი – პირი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უფლებამოსილია უცხოელის მიერ შეძენილ საქონელზე გასცეს ქვითარი;
გ) ბანკი – კომერციული ბანკი, რომლის საშუალებითაც, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხდება უცხოელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება;
დ) ელექტრონული სისტემა – მონაცემთა ავტომატიზებული ბაზა, სადაც რეგისტრირდება უცხოელის მიერ საქართველოში საქონლის შეძენის, საქონლის საზღვარზე გატანის და საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე მონაცემები, ასევე ინფორმაცია უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე;
ე) ელექტრონული სისტემის მომხმარებელი – უფლებამოსილი გამყიდველი, ბანკი და შემოსავლების სამსახური.
ვ) იდენტიფიცირებადი საქონელი – საქონელი, რომელზეც ქარხნული წესით დატანილია საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია, რაც წარდგენისას მისი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
ცვლილებების ისტორია 2
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №377 – ვებგვერდი, 27.11.2015წ.