სარჩევი
მუხლი 75⁵

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 75⁵. დღგ-ის თანხის დაბრუნება

1. დღგ-ის თანხა დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) უცხოელის მიერ საქონლის შეძენიდან გასული არ არის 3 თვე;

ბ) შეძენილი საქონლის ჯამური ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე);

გ) საქონელი შეძენილია უფლებამოსილ გამყიდველთან;

დ) ერთი ქვითრის მიხედვით შეძენილი საქონელი უცხოელის მიერ სრულად გაიტანება საქართველოდან ბარგის ან ხელბარგის სახით;

ე) შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთულია შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

ვ) იდენტიფიცირებადი საქონელი შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს წარედგინება სხვა საქონლისგან დამოუკიდებლად.

შენიშვნა:

დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის ამ პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობები, რომელიც ითვალისწინებს საქონლის ბარგის ან ხელბარგის სახით გატანას და სხვა საქონლისაგან დამოუკიდებლად წარდგენას, არ ვრცელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4011 20 კოდით განსაზღვრულ საბურავზე, რომელიც წარედგინება სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ მდგომარეობაში და მასზე განთავსებულია სპეციალური სტიკერი, შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ა) სტიკერზე დატანილია საბურავის საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია ან სპეციალური წამკითხველის მეშვეობით აღქმადი, საბურავის საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდის/კომბინაციის შემცველი შტრიხკოდი;

ბ) სტიკერი განთავსებულია ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ:

ბ.ა) ხელს არ უშლის შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ მის შემოწმებას;

ბ.ბ) მისი მოხსნა გამოიწვევს სტიკერის დაზიანებას.

2. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ ქვითარი არ გამოიწერება და, შესაბამისად, გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება:

ა) მალფუჭებად საქონელზე;

ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე;

გ) ოქროზე, რომლის მასა აღემატება 125 გრამს და რომელიც წარმოდგენილი არ არის სამკაულის (ნაკეთობის) სახით;

დ) ძვირფას ქვებზე;

ე) საქონელზე, რომლის გატანა საქართველოს ტერიტორიიდან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას, გარდა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვას დაქვემდებარებული საქონლისა;

ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე–173-ე მუხლების თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელზე.

3. გადახდილი დღგ-ის თანხა შესაძლებელია დაუბრუნდეს მხოლოდ ქვითარში მითითებულ პირს.

4. უცხოელს უბრუნდება გადახდილი დღგ-ის თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვითარში დაფიქსირებული საქონელი სრულად გაიტანება საქართველოს ტერიტორიიდან. სხვა შემთხვევაში გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ამ მუხლს მიუთითებს

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

№996, მუხლი 75⁶

ცვლილებების ისტორია 6
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №616 – ვებგვერდი, 21.12.2011წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №377 – ვებგვერდი, 27.11.2015წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №246 - ვებგვერდი, 03.10.2016წ.
  5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №197 - ვებგვერდი, 26.08.2020წ.
  6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №228 - ვებგვერდი, 10.09.2021წ.