№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
დანართი №III-03³ · ელექტრონულად გაწეული მომსახურება
დანართი №III-03³
ელექტრონულად გაწეული მომსახურება
| 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონულად გაწეული მომსახურება არის მომსახურება, რომელიც გაიწევა ინტერნეტით ან ელექტრონული ქსელით, რომლის მიწოდებაც არსებითად ავტომატიზირებულია, მინიმალურად საჭიროებს ადამიანის ჩარევას და მისი მიწოდება შეუძლებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე, კერძოდ: ა) ციფრული პროდუქციის მიწოდებას ზოგადად, პროგრამული უზრუნველყოფის და მისი ცვლილებების და განახლების ჩათვლით; ბ) მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს ან ხელს უწყობს ელექტრონულ ქსელში საქმიან ან პირადი მიზნებისთვის ყოფნას, როგორიცაა ვებსაიტი ან ვებგვერდი; გ) მომსახურებებს, რომლებიც ავტომატურად გენერირდება კომპიუტერიდან ინტერნეტის ან ელექტრონული ქსელის მეშვეობით, მიმღების მიერ განსაზღვრული მონაცემების შეტანის საპასუხოდ; დ) გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ საქონლის ან მომსახურების იმ ინტერნეტგვერდზე სარეალიზაციოდ განთავსების უფლების გადაცემა, რომელიც ონლაინ-მარკეტის სახით ფუნქციონირებს, რომელზეც პოტენციური მყიდველები თავიანთ შეთავაზებებს ავტომატიზირებული პროცედურის მეშვეობით განათავსებენ და რომელზეც მხარეებს კომპიუტერის მიერ ავტომატურად გენერირებული ელექტრონული ფოსტის შეტყობინების მეშვეობით ეცნობებათ გაყიდვის შესახებ; ე) ინფორმაციის ინტერნეტ-მომსახურების პაკეტები (ISP), სადაც ტელეკომუნიკაციების კომპონენტი დამხმარე და დაქვემდებარებული ნაწილია (ე.ი. პაკეტები, რომლებიც ცილდება უბრალო ინტერნეტ დაშვებას და მოიცავს სხვა ისეთ ელემენტებს, როგორიცაა კონტენტის გვერდები, რომლებიც იძლევა დაშვებას ახალ ამბებთან, ამინდის ან მოგზაურობის შესახებ ინფორმაციასთან; სათამაშო პორტალები; ვებსაიტების ჰოსტინგები; ონლაინ-დებატებზე დაშვება და ა.შ.). 2. პირველი პუნქტი მოიცავს მათ შორის შემდეგ მომსახურებებს: ა) ციფრული პროდუქტის მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით. ვებგვერდის მიწოდება, ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება, კერძოდ: ა.ა) ვებ-საიტების და ვებგვერდების ჰოსტინგი; ა.ბ) პროგრამების ავტომატიზირებული, ონლაინ და დისტანციური ტექნიკური მომსახურება; ა.გ) სისტემის დისტანციური ადმინისტრირება; ა.დ) მონაცემთა ონლაინ შენახვა, სადაც სპეციფიკური მონაცემების შენახვა და გამოთხოვა ელექტრონულად ხდება; ა.ე) მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინ მიწოდება. ბ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება, კერძოდ: ბ.ა) პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა და ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამების ჩათვლით) მათ შორის განახლებები; ბ.ბ) ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები, იგივე „ბანერბლოკერები“; ბ.გ) ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი); ბ.დ) ვებ-საიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინ-ინსტალაცია; ბ.ე) ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატურ ონლაინ-ინსტალაციას. გ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ: გ.ა) სამუშაო მაგიდის (Desktop)თემებზე წვდომა ან ჩამოტვირთვა; გ.ბ) ფოტო ან გრაფიკული გამოსახულებებზე ან სქრინსეივერებზე წვდომა ან ჩამოტვირთვა; გ.გ) წიგნების და სხვა ელექტრონული გამოცემების გაციფრებული კონტენტი; გ.დ) ონლაინ გაზეთებისა და ჟურნალების გამოწერა; გ.ე) ვებ-ლოგებისა და ვებ-საიტების სტატისტიკა; გ.ვ) ონლაინ ახალი ამბები, სატრანსპორტო ნაკადის და ამინდის შესახებ ინფორმაცია; გ.ზ) მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციიდან პროგრამული უზრუნველყოფის მიერ ავტომატურად გენერირებული ონლაინ ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, სამართლებრივი და ფინანსური მონაცემები (კონკრეტულად, ისეთი მასალა, როგორიცაა მუდმივად განახლებადი საფონდო ბირჟის მონაცემები, რეალურ რეჟიმში); გ.თ) ვებ-საიტებზე/ვებგვერდებზე სარეკლამო სივრცის მიწოდება, მათ შორის ბანერული რეკლამისთვის; გ.ი) საძიებო სისტემების და ინტერნეტ-დირექტორიების გამოყენება; დ) მუსიკის, ფილმის და თამაშების (მათ შორის, აზარტული თამაშების) მიწოდება, ასევე პოლიტიკური, კულტურული, სახელოვნებო, სპორტული, სამეცნიერო და გასართობი გადაცემების მაუწყებლობა და მიწოდება. კერძოდ: დ.ა) მუსიკაზე წვდომა და კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებზე ჩამოტვირთვა; დ.ბ) ჯინგლებზე, ამონარიდებზე, ზარებზე, ან სხვა მელოდიებზე წვდომა და ჩამოტვირთვა; დ.გ) თამაშების ჩამოტვირთვა კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებზე; დ.დ) ავტომატიზირებულ ონლაინ-თამაშებზე წვდომა, რომლებიც დამოკიდებული არიან ინტერნეტზე ან მსგავს ელექტრონულ ქსელებზე, როცა მოთამაშეები ერთმანეთს გეოგრაფიულად არიან დაცილებულები; დ.ე) რადიო და სატელევიზიო ქსელების, ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების მეშვეობით გავრცელებული რადიო და სატელევიზიო პროგრამების მიღება პროგრამების მომხმარებლის მიერ შერჩეულ მომენტში ან მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნით მოსმენის ან ყურებისთვის, მედია-სერვისის პროვაიდერის მიერ შერჩეული პროგრამების კატალოგის საფუძველზე, როგორიცაა, მაგალითად ფასიანი რადიო ან ტელევიზია; დ.ვ) ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების (ნაკადური მულტიმედია) მეშვეობით გავრცელებული რადიო და სატელევიზიო პროგრამების მიღება, თუ მათი რადიო და სატელევიზიო ქსელით ტრანსლირება ან რეტრანსლირება არ ხდება პარალელურ რეჟიმში; დ.ზ) აუდიო და აუდიოვიზუალური კონტენტის საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით გადაცემა, რომლის მიწოდებაც არ ხდება მედია-სერვისის პროვაიდერის სარედაქტორო პასუხისმგებლობით; დ.თ) მედია-სერვისის პროვაიდერის აუდიო და აუდიოვიზუალური პროდუქციის შემდგომ მიწოდება საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით მედია-სერვისის პროვაიდერის გარდა სხვა პირის მიერ; ე) დისტანციური სწავლების მიწოდება, კერძოდ: ე.ა) ავტომატიზირებული დისტანციური სწავლება, რომელიც დამოკიდებულია ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების ფუნქციონირებაზე და რომელიც საჭიროებს ადამიანის მინიმალურ ჩარევას ან საერთოდ არ საჭიროებს მას, ვირტუალური საკლასო ოთახების ჩათვლით, იმ შემთხვევების გარდა, როცა ინტერნეტი ან მსგავსი ელექტრონული ქსელი გამოიყენება უბრალოდ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კავშირის დასამყარებლად; ე.ბ) მოსწავლეების მიერ ონლაინ რეჟიმში შევსებული და შეფასებული სამუშაო რვეულები, ადამიანის ჩარევის გარეშე. |
ამ მუხლს მიუთითებს
№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ