№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 62. საბაჟო ვალდებულების შესრულება
1. საბაჟო ვალდებულების შესრულება ნიშნავს ვალდებული პირის მიერ იმპორტის გადასახადის გადახდას.
2. საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გამოყენებით (ჩათვლით);
ბ) თუ განხორციელდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა;
გ) თუ განხორციელდა ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება;
გ1) ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) თუ საქონელი განადგურდა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად;
ე) თუ ის წარმოიშვა ამ კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და საბაჟო ორგანო დარწმუნდა, რომ შესაბამისი საქონელი მოხმარებული ან გამოყენებული არ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
ვ) იმ საბაჟო დეკლარაციის გაუქმებით, რომლითაც წარმოიშვა იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულება.