მუხლი 53. საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება
1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.
2. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.
3. საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
4. საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
5. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესის ან/და ვადის შეცვლა.
6. გადასახადის გადახდის დღედ ითვლება გადასახადის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დღე, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581).
8. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება შეიძლება დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც იღებს მოგებას სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობისა და გაზის წილიდან.
9. იმპორტის გადასახდელის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.