სარჩევი
მუხლი 111¹²

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 111¹². ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის გადასახადებით დაბეგვრის წესი

1. ამ კარის მიზნებისთვის, ბირჟის ოპერატორი წარმოადგენს ელექტროენერგიის ყიდვა - გაყიდვის შესახებ ელექტროენერგიის ბირჟაზე დადებული ხელშეკრულების მხარეს და პასუხისმგებელია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ბირჟის ოპერატორი განიხილება ელექტროენერგიის მიწოდების სამეურნეო ოპერაციის მხარედ და, შესაბამისად, წარმოადგენს :

ა) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სხვა სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის გაყიდვისას – ელექტროენერგიის მყიდველ დასაბეგრ პირს (მიმღებს);

ბ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სხვა სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვისას – ელექტროენერგიის გამყიდველ დასაბეგრ პირს (მიმწოდებელს).

3. ბირჟის ოპერატორი, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების შესაბამისად, უფლებამოსილია, ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის /მომსახურების გაწევის შედეგების მიხედვით, როგორც მის მიერ გაყიდულ, ისე მის მიერ შესყიდულ ელექტროენერგიაზე და გაწეულ მომსახურებაზე ელექტრონულად გამოწეროს და ბაზრის შესაბამის მონაწილეს წარუდგინოს ინვოისი.

4. ბირჟის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოწერილი და წარდგენილი ინვოისი წარმოადგენს ელექტროენერგიის მიწოდების /მომსახურების გაწევის ოპერაციის ამსახველ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ პირველად საგადასახადო დოკუმენტს და ადასტურებს ელექტროენერგიის მყიდველის/მომსახურების მიმღების მიერ გაწეულ ხარჯს .

5. ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობის დროს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, ელექტროენერგიის მიწოდებად განიხილება მის განკარგვაზემესაკუთრის უფლების გადაცემა .

6. ელექტროენერგიის მიწოდების და, შესაბამისად, მის განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემის მომენტად ითვლება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების მომენტი.

7. დღგ-ით დაბეგვრის მიზნისთვის, დაბეგვრის დრო განისაზღვრება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების მომენტით, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მაგალითი №1

ფაქტობრივი გარემოება :

საბითუმო ბაზრის სუბიექტმა, რომელიც რეგისტრირებულია ბირჟის მონაწილედ და წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტს, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე 2024 წლის 31 აგვისტოს განათავსა განაცხადი 10 მეგვტ-სთ ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო ფიზიკური მიწოდების დღისათვის, კერძოდ, 2024 წლის 1 სექტემბრის შესაბამისი საათისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების შეთავაზებას. მონაწილემ შეძლო ბირჟაზე ელექტროენერგიის გაყიდვა მისი განაცხადის შესაბამისად.

შეფასება :

მიუხედავად იმისა, რომ დღით ადრე ბაზრის აუქციონი იხურება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების დღის (1 სექტემბერი ) წინა კალენდარულ დღეს (31 აგვისტო ) და, შესაბამისად, განაცხადის წარდგენაც და მისი დაკმაყოფილებაც ხორციელდება ფიზიკური მიწოდების წინა კალენდარულ დღეს, საგადასახადო მიზნებისთვის, საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემას ადგილი აქვს ფიზიკური მიწოდების მომენტში. ამრიგად, მიწოდების მომენტად განიხილება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების დრო, კერძოდ, 2024 წლის 1 სექტემბერი.

მაგალითი №2

ფაქტობრივი გარემოება :

საბითუმო ბაზრის სუბიექტმა, რომელიც რეგისტრირებულია ბირჟის მონაწილედ და წარმოადგენს საბოლოო მომხმარებელს, დღით ადრე ბაზარზე 2024 წლის 31 აგვისტოს განათავსა განაცხადი 10 მეგვტ-სთ ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო ფიზიკური მიწოდების დღისათვის, კერძოდ, 2024 წლის 1 სექტემბრის 13:00 სთ -14:00 სთ დროის შუალედში ელექტროენერგიის ყიდვის შეთავაზებას. მონაწილემ შეძლო ბირჟაზე ელექტროენერგიის შესყიდვა მისი განაცხადის შესაბამისად.

2024 წლის 31 აგვისტოს 13:00 საათის შემდგომ, საბოლოო მომხმარებელმა დღიურ ბაზარზე განათავსა განაცხადი 10 მეგვტ-სთ ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ, რომელიც წარმოადგენს შესყიდვის შესახებ დღით ადრე ბაზარზე დაკმაყოფილებული განაცხადით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გაყიდვის შეთავაზებას 2024 წლის 1 სექტემბრის 13:00 სთ - 14:00 სთ დროის შუალედში. იმავე დღეს (2024 წლის 31 აგვისტოს) დღიურ ბაზარზე დაკმაყოფილდა საბოლოო მომხმარებლის განაცხადი გაყიდვის შესახებ .

შეფასება :

მიუხედავად იმისა, რომ დღით ადრე ბაზარზე გაყიდვის შესახებ დაკმაყოფილებული განაცხადი ბაზრის წესების შესაბამისად დაკმაყოფილდა ფიზიკური მიწოდების წინა კალენდარულ დღეს - 31 აგვისტოს, საგადასახადო მიზნებისთვის, საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემას ადგილი აქვს ფიზიკური მიწოდების მომენტში. შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების მომენტად განიხილება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების დრო, კერძოდ - 2024 წლის 1 სექტემბერი. ანალოგიურად, ვინაიდან დღიურ ბაზარზე ელექტროენერგიის გაყიდვა მოხდა ამავე პერიოდში (1 სექტემბერი) მიწოდების მიზნით, დღიურ ბაზარზე ვაჭრობიდან გამომდინარე ელექტროენერგიის მიწოდების მომენტად განიხილება ასევე 1 სექტემბერი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბოლოო მომხმარებლის მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე განთავსებული განაცხადების საფუძველზე, საბოლოო მომხმარებლის მიერ ადგილი აქვს ფიზიკური მიწოდების დღისათვის, კერძოდ, 2024 წლის 1 სექტემბრის 13:00 სთ - 14:00 სთ დროის შუალედში ელექტროენერგიის როგორც შესყიდვას, ასევე მიწოდებას.

8. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ბირჟის ოპერატორისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისას, ბირჟის ოპერატორი როგორც მყიდველი მხარე, არ წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბოლოო მომხმარებელს და არც საკუთარი მოხმარებისთვის ახორციელებს ელექტროენერგიის შეძენას .

9. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ბირჟის ოპერატორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია დღგ-სგან , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად .

10. ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის ყიდვისას, ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დღგ-ით იბეგრება შემდეგი წესით:

ა) თუ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ბირჟაზე განაცხადის განთავსება და, შესაბამისად, ელექტროენერგიის ყიდვა ხდება საბოლოო მოხმარების მიზნით (პირის მიერ, რომელიც შესაბამისი სტატუსით რეგისტრირებულია საბითუმო ბაზარზე), ელექტროენერგიის მიწოდება ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას;

ბ) თუ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ბირჟაზე განაცხადის განთავსება და , შესაბამისად , ელექტროენერგიის ყიდვა ხდება ამ პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით (პირის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია განსხვავებული სტატუსით), ელექტროენერგიის მიწოდება ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია დღგ-სგან.

11. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის სტატუსი დასტურდება საბითუმო ბაზარზე მარეგისტრირებელი პირის მიერ მისი რეგისტრაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .

12. თუ პირი საბითუმო ბაზარზე ყიდულობს ელექტროენერგიას ამ მუხლის მე -10 პუნქტის როგორც „ა“ ქვეპუნქტით , ასევე „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობით, მის მიერ საბითუმო ბაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის (მათ შორის, ბირჟაზე და საბალანსო ელექტროენერგიის) დაბეგვრა განხორციელდება თითოეულ შემთხვევაში დამოუკიდებლად, შესყიდვის მიზნობრიობის შესაბამისად.

13. საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ერთზე მეტი მიწოდების ოპერაციის არსებობისას, ელექტროენერგიის მიმწოდებლის/მომსახურების გამწევის მიერ გამოიწერება და გაიცემა განხორციელებული ოპერაციების ჯამური მონაცემების ამსახველი ერთი საფ, ამ ინსტრუქციის 53-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

14. ამ ინსტრუქციის 11113 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, მომსახურების გამწევის მიერ საფ-ის გამოწერის შემთხვევაში, მასში მომსახურების შესახებ ინფორმაცია შეიტანება ელექტროენერგიის მიწოდებისგან დამოუკიდებლად.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №269 - ვებგვერდი, 09.08.2024წ.