სარჩევი
მუხლი 111¹³

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 111¹³. დაბეგვრის წესი ელექტროენერგიის ბირჟაზე უარყოფითი საბაზრო ფასის შემთხვევაში

იმ შემთხვევაში, როდესაც ბირჟაზე (დღით ადრე და /ან დღიური ბაზრის) ფასი უარყოფითია (რა დროსაც ბირჟაზე ელექტროენერგიის მყიდველი ყიდულობს ელექტროენერგიას და იღებს ანაზღაურებას ბირჟის ოპერატორისგან, ხოლო ელექტროენერგიის გამყიდველი ბირჟაზე ყიდის ელექტროენერგიას და ბირჟის ოპერატორს უხდის ანაზღაურებას):

ა) ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ ბირჟის ოპერატორისათვის და ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის მყიდველისთვის ელექტროენერგიის მიწოდება არ განიხილება დღგ -ით დასაბეგრ ოპერაციად და მოგების ან, შესაბამის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად;

ბ) ელექტროენერგიის მიმღებისთვის (ბირჟის ოპერატორი ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სხვა სუბიექტი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას) ანაზღაურების სანაცვლოდ ელექტროენერგიის მიღება განიხილება მის მიერ მომსახურების გაწევად და ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

ფაქტობრივი გარემოება :

საბოლოო მომხმარებელს დღით ადრე ბაზარზე წარდგენილი ჰქონდა ელექტროენერგიის შესყიდვის განაცხადი 2024 წლის 31 აგვისტოს 09:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე ფიზიკური მიწოდების პერიოდისათვის, რომლითაც იგი აცხადებდა მზადყოფნას, შეესყიდა 50 მეგვტ -სთ ელექტროენერგია, თუ 1 მეგვტ-სთ -ის ბაზრის ფასი იქნებოდა (-) 200 ლარიდან 150 ლარამდე. დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგად, შესაბამის საათში ჩამოყალიბდა 1 მეგვტ-სთ-ის უარყოფითი ფასი (-) 50 ლარი. შესაბამისად, საბოლოო მომხმარებელმა დღით ადრე ბაზარზე იყიდა 50 მეგვტ-სთ ელექტროენერგია და ბირჟის ოპერატორმა საბოლოო მომხმარებელს აუნაზღაურა 2500 ლარი.

შეფასება :

საგადასახადო მიზნებისათვის, ბირჟის ოპერატორის მიერ 2024 წლის 31 აგვისტოს 09:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე პერიოდისათვის საბოლოო მომხმარებლისათვის 50 მეგვტ-სთ ელექტროენერგიის მიწოდება არ ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად და, შესაბამისად, არ იბეგრება ამ გადასახადებით . ბირჟის ოპერატორის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის ანაზღაურებული 2500 ლარი წარმოადგენს საბოლოო მომხმარებლის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას და ექვემდებარება დღგ -ით დაბეგვრას.

ამ მუხლს მიუთითებს

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

№996, მუხლი 111¹²

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №269 - ვებგვერდი, 09.08.2024წ.