სარჩევი
მუხლი 47

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 47. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება

1. თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (დანართი №III-03).

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება:

ა) საწარმოს/ ორგანიზაციის ლიკვიდაციისას − სახელმწიფო/სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან;

ბ) პირის გარდაცვალებისას − გარდაცვალების თარიღიდან;

გ) დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან თანხმობისას – პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნისას − სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოქვეყნებიდან.

4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო აუქმებს აღნიშნული პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება ფიზიკური პირის გარდაცვალების თარიღიდან.

5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიმართოს პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით, თუ მის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან და არ გაითვალისწინება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია არანაკლებ 1 წელი. დღგ-ის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება №III-03 დანართით.

6. თუ პირი ნებაყოფლობით გატარდა რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად და რეგისტრაციის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (დანართი №III-03), დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არ დასტურდება პირის მიერ ანგარიშ-ფაქტურის გატანის/გამოწერის ფაქტი;

ბ) პირს არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაცია (გარდა იმ დეკლარაციისა, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია) და არ გააჩნია დღგ-ით დასაბეგრი (მათ შორის, დღგ-ისგან გათავისუფლებული) ოპერაცია/ოპერაციები.

8. თუ საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა, რომ საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში პირს წარმოეშვა როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლება, საგადასახადო შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიმართოს პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით. დღგ-ის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება ამ ინსტრუქციის №III-03 დანართით, რა შემთხვევაშიც, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის მომენტიდან.

ცვლილებების ისტორია 5
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №332 - ვებგვერდი, 14.12.2021წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 18 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 22.01.2024წ.
  5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.