№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 66⁴. მეორადი ნივთის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდების შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების და ამ სქემის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს ინფორმირების წესი
1. დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების/სქემით სარგებლობის მსურველი დასაბეგრი დილერი, ანუ პირი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობს ან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებს მეორად ნივთს, ხელოვნების ნიმუშს, საკოლექციო ნივთს ან ანტიკვარიატს ან ახორციელებს ამ საქონლის იმპორტს, ვალდებულია, დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენებამდე, მიმართოს საგადასახადო ორგანოს ამ ინსტრუქციის №III-192 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით.
2. ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთების და ანტიკვარიატის სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციის №III-193 დანართით.
3. დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური ამ ინსტრუქციის №III-194 დანართით გათვალისწინებული ფორმით.
4. დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრ დილერს უფლება აქვს მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრიდან ამოღების მოთხოვნით ამ ინსტრუქციის №III-195 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით.
5. ამ მუხლის მიზნებისთვის:
ა) დასაბეგრი დილერის მოგების მარჟა არის დადებითი სხვაობა საქონლის მიწოდების ფასსა და მის შესყიდვის ფასს შორის;
ბ) დასაბეგრი დილერის მიერ იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ფასი, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოგების მარჟის გაანგარიშებისას, არის ამ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხისა და შესაბამისი დღგ-ის თანხის ჯამი;
გ) დასაბეგრი დილერის მიერ საქონლის მიწოდების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება მოგების მარჟის ოდენობის 1,18-ზე გაყოფით, ხოლო დღგ-ის თანხა – ამ გაყოფის შედეგად მიღებული თანხის 0,18-ზე გამრავლებით;
დ) დასაბეგრ დილერს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე, რომლის მიწოდება იბეგრება სპეციალური სქემით.
ე) დასაბეგრ პირს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მისთვის დასაბეგრი დილერის მიერ მიწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელთან დაკავშირებით, თუ ამ საქონლის მიწოდება სპეციალური სქემით იბეგრება.
ვ) დასაბეგრი დილერის მიერ სპეციალური სქემით სარგებლობის ფარგლებში საქონლის მიწოდების შემთხვევაში გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში დღგ-ის თანხის გამოყოფა არ ხდება.
6. დასაბეგრი დილერი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რეესტრში შეტანის თვიდან დაწყებული, ყოველ საანგარიშო პერიოდზე, საანგარიშო პერიოდის (თვის) მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა, საგადასახდო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია სპეციალური სქემით დაბეგრილი ოპერაციების შესახებ (ამ თავის მიზნებისათვის შემდგომში – ინფორმაცია) დანართი №III-196 ფორმით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოადგენს დღგ-ის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციის განუყოფელ ნაწილს და ამ ინფორმაციაში ასახული დღგ-ის თანხა შეიტანება დღგ-ის დეკლარაციის შესაბამის დანართში.
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.