სარჩევი
მუხლი 16

№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 16. მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.

4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა, გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.

მაგალითი 1:

პირობა:

გიორგი, რომელიც არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, ეწევა ვაჭრობას.

საგადასახადო ორგანოს მიერ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელთან გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელიც დადგენილი წესით არ ჰქონდა აღრიცხული აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში. ამასთან, მცირე ბიზნესს არ გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები.

ანალიზი:

მცირე ბიზნესი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, სადაც მან ხარჯის გაწევის შესახებ ინფორმაცია უნდა ასახოს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რომელშიც დაცული უნდა იყოს მაჩვენებლების უწყვეტობა და უტყუარობა.

შედეგი:

გიორგის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩაეთვლება აღურიცხველად და დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. მცირე ბიზნესი ვალდებულია უზრუნველყოს 3 წლის ვადით საგადასახადო დოკუმენტების შენახვა. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

6. მცირე ბიზნესის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ზარალი მომდევნო საგადასახადო წელს არ გადაიტანება, თუ არ ხდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან მისი გამოსვლა.

ცვლილებების ისტორია 2
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.