№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 17. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებისას სასაქონლო მარაგების აღრიცხვა
მცირე ბიზნესს სტატუსის გაუქმების შემთხვევაში უფლება აქვს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო ნაშთები აღრიცხოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, იგი უფლებამოსილია სტატუსის გაუქმების მომენტისთვის არსებულ სასაქონლო მარაგების ნაშთებზე გაწეული ხარჯი, რომელზედაც გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან.
მაგალითი 1:
პირობა:
გიორგის მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ეწევა ვაჭრობას. 2023 წლის 25 აპრილს მან მიმართა საგადასახადო ორგანოს სტატუსის გაუქმების მოთხოვნით. გიორგის სტატუსის გაუქმების მომენტისათვის შესყიდვების მიხედვით მარაგების სახით აქვს 120 000 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთი. პირს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი გააჩნია მხოლოდ 30 000 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთზე.
ანალიზი:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის 31 ნაწილის საფუძველზე გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა 2023 წლის 1 მაისიდან. იგი უფლებამოსილია განახორციელოს სასაქონლო ნაშთების აღრიცხვა ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრებში.
შედეგი:
მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მომენტში არსებული 120 000 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთი აღურიცხველად არ ჩაითვლება. ამასთან, გიორგი უფლებამოსილია, მხოლოდ 30 000 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთზე გაწეული ხარჯი გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან.
ცვლილებების ისტორია 2
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება №227 - ვებგვერდი, 26.06.2023წ.