№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 12. ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება
1. ფიზიკური პირი:
ა) თუ იგი წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს;
ბ) თუ იგი ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს;
გ) სხვა შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში ინდივიდუალურ მეწარმედ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და აღნიშნული რეგისტრაციის შემდეგ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს.
2. ფიზიკურ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი და სურს მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი, მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმებისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის საგადასახადო ორგანოს მიმართავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას (ამ ინსტრუქციის დანართი №1) სტატუსის მინიჭების თაობაზე და განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, განცხადების მიღებიდან გონივრულ ვადაში გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს (ამ ინსტრუქციის დანართი №3).
4. მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართვის დღიდან და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდან, გარდა ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მაგალითი 1:
პირობა:
ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ახორციელებს სურსათით საცალო ვაჭრობას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მის მიერ 2023 და 2024 წლების განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა თითოეული წლის მიხედვით შეადგინა 600 000 ლარი.
პირმა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა განცხადებით 2025 წლის 10 იანვარს.
ანალიზი:
მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მიერ 2023 და 2024 წლების განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი თითოეული წლის მიხედვით აღემატება 500 000 ლარს, აღნიშნული არ არის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის შემზღუდველი პირობა. ამასთან, ვაჭრობა არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას. გიორგი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს. შესაბამისად, მას უფლება აქვს, მიმართოს საგადასახადო ორგანოს და მიიღოს მცირე ბიზნესის სტატუსი.
შედეგი:
საგადასახადო ორგანო გიორგის ანიჭებს მცირე ბიზნესის სტატუსს და გადასცემს სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს. გიორგი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონედ ჩაითვლება 2025 წლის 10 იანვრიდან. მის მიერ 10 იანვრიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით.
5. მცირე ბიზნესის სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ და ძალაშია თუ ფიზიკურ პირს არ გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი.
6. მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი, უფლება აქვს სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს სტატუსის გაუქმების წლის მომდევნო საგადასახადო წლიდან და კვლავ მიიღოს სტატუსი.
7. მცირე ბიზნესის სტატუსის ხელახალი მინიჭების შემთხვევაში ფიზიკურ პირზე გაიცემა სერტიფიკატი ახალი სარეგისტრაციო ნომრით (ამ ინსტრუქციის დანართი №3).
8. მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე მეწარმე ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია შეიტანება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში.
ცვლილებების ისტორია 6
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №207 - ვებგვერდი, 12.04.2011წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №466 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 04.12.2024წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 06.02.2026წ.