მუხლი 288¹. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევა
1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ამ კოდექსის 241 მუხლის მე-4 ნაწილის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავლის იმავე ქვეპუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე გადამეტება –
იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შემდგომი მიწოდების მიზნით საქართველოს საქონლის შესყიდვა −
იწვევს დაჯარიმებას შესყიდული საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
3. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა საქართველოს საწარმოს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის საქართველოში −
იწვევს დაჯარიმებას ასეთი მომსახურებიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
4. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წლამდე ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდება −
იწვევს დაჯარიმებას ასეთი საქონლიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.