№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 71¹. დღგ-ისგან გათავისუფლება „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
1. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მიზნით, ინვესტორის მიერ, შემოსავლების სამსახურს წარედგინება განაცხადი, რომელსაც თან უნდა დაერთოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც დაადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის თანხის გადახდას. ამასთან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დღგ-ის თანხის დაბრუნების განმეორებით მოთხოვნისას შემოსავლების სამსახურისთვის ხელშეკრულების წარდგენა სავალდებულო არ არის.
2. საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს და:
ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 დღისა უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნებას;
ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად;
3. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.
5. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №427 – ვებგვერდი, 09.10.2012წ.