სარჩევი
მუხლი 72

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 72. დღგ-ის ჩათვლის მიღების წესი

1. თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენაზე ან შექმნაზე გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება:

ა) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის/საქონლის მიწოდებისთვის;

ბ) დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში;

გ) ფინანსური მომსახურებისთვის/ოპერაციებისთვის, თუ მომხმარებელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა დაფუძნებული, ან თუ ეს ოპერაციები უშუალოდ არის დაკავშირებული საქონელთან, რომელიც საქართველოდან უნდა იქნეს ექსპორტირებული.

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში, ამ ინსტრუქციის 504 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3. დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში;

გ) სოციალური მიზნით ან გასართობი ღონისძიებებისთვის გაწეული ხარჯის ან წარმომადგენლობითი ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებულ დღგ-ის თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება იბეგრება დღგ-ით (ამ პირის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს);

დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას ან არ არის გამოწერილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი. თუ დღგ-ის ჩათვლა განხორციელდა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება, არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით);

ვ) ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია დღგ-ის თანხა;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ბიუჯეტში გადახდილია სრულად ან არასრულად გადახდის შემთხვევაში – საგადახდო დავალებაში მითითებულია დღგ საქონლის იმპორტთან დაკავშირებით.

ცვლილებების ისტორია 4
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 19.07.2021წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №197 - ვებგვერდი, 06.08.2021წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №404 - ვებგვერდი, 19.12.2024წ.