№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 41². თიზ-ის საწარმოს მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშების შევსება
1. თიზ-ის საწარმოს მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშების (შემდგომში – გაანგარიშება) პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია თიზ-ის საწარმოს რეკვიზიტებისა (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.
2. გაანგარიშების II ნაწილი ივსება თიზ-ის საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში.
3. გაანგარიშების II ნაწილში არსებულ ცხრილში მონაცემები საქონლის თითოეული მიწოდების შესახებ შესაბამის სტრიქონზე აისახება სვეტების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, კერძოდ:
ა) პირველ სვეტში აისახება საქონლის მიწოდების თარიღი, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები ან სხვა პირველადი საგადასახადო დოკუმენტი);
ბ) მე-2 სვეტში აისახება საქონლის მიმღები პირის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი);
გ) მე-3 სვეტში აისახება საქონლის მიწოდებით მიღებული (ან მისაღები) შემოსავალი. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდება ხდება უსასყიდლოდ, სვეტში აისახება ამ საქონლის საბაზრო ფასი;
დ) მე-4 სვეტში აისახება სასაქონლო ზედნადების ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც გამოიწერება საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით;
ე) მე-5 სვეტში აისახება თიზ-ის საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, რომელიც შეადგენს შესაბამისი საქონლის მიწოდებით მიღებული (ან მისაღები) შემოსავლის (სვეტი №3) 4 პროცენტს;
ვ) ცხრილის ბოლო სტრიქონში აისახება საანგარიშო პერიოდში საქონლის მიწოდებით მიღებული (ან მისაღები) შემოსავლის (სვეტი №3) ჯამი და ასევე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების შედეგად თიზ-ის საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების (სვეტი №5) ჯამი.
4. გაანგარიშების III ნაწილი ივსება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მიერ თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდების შემთხვევაში.
5. გაანგარიშების III ნაწილში არსებულ ცხრილში მონაცემები საქონლის თითოეული მიწოდების შესახებ შესაბამის სტრიქონზე აისახება სვეტების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, კერძოდ:
ა) პირველ სვეტში აისახება საქონლის მიწოდების თარიღი, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები ან სხვა პირველადი საგადასახადო დოკუმენტი);
ბ) მე-2 სვეტში აისახება საქონლის მიმწოდებელი (გამყიდველი) პირის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი);
გ) მე-3 სვეტში აისახება მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასი;
დ) დ) მე-4 სვეტში აისახება სასაქონლო ზედნადების ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც საბაჟო ორგანოს წარედგინა მიწოდებული საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევისას;
ე) მე-5 სვეტში აისახება თიზ-ის საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, რომელიც შეადგენს შესაბამისი საქონლის საბაზრო ფასის (სვეტი №3) 4 პროცენტს;
ვ) ცხრილის ბოლო სტრიქონში აისახება საანგარიშო პერიოდში მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის (სვეტი №3) ჯამი და ასევე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების შედეგად თიზ-ის საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების (სვეტი №5) ჯამი.
ცვლილებების ისტორია 3
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N104 - ვებგვერდი, 16.04.2015წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 01.10.2025წ.