სარჩევი
მუხლი 3

№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 3. ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. ფიზიკური პირი:

ა) რომელიც იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს;

ბ) რომელიც არ იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით და მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

2. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას (ამ ინსტრუქციის დანართი №1) სტატუსის მინიჭების თაობაზე და აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში განცხადების მიღებიდან გონივრულ ვადაში გასცემს მიკრობიზნესის სერტიფიკატს (ამ ინსტრუქციის დანართი №2).

3. მიკრობიზნესის სტატუსი პირს ენიჭება განცხადებაში მითითებული თარიღიდან, რომელიც არ უნდა უსწრებდეს განცხადების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის თარიღს. მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების თარიღი ფიქსირდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ მიკრობიზნესის სერტიფიკატში და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდან.

4. სერტიფიკატი ძალაშია შემდგომ საანგარიშო პერიოდებშიც, თუ ფიზიკურ პირს არ უუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი.

5. (ამოღებულია - 11.04.2011, №207).

6. ფიზიკურ პირს უფლება აქვს მიკრობიზნესის სტატუსის მისაღებად საგადასახადო ორგანოს მიმართოს, როგორც 2011 საანგარიშო წლის მიხედვით, ასევე შემდგომი ნებისმიერი საანგარიშო წლის მიხედვით, ნებისმიერ დროს ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების პირობები, მისთვის მიკრობიზნესის სტატუსი მინიჭებულად ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ სერტიფიკატში მითითებული თარიღიდან.

7. ფიზიკურ პირი, რომელსაც გაუუქმდა მიკრობიზნესის სტატუსი, უფლებამოსილია მომდევნო საგადასახადო წლიდან ამ სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

8. მიკრო ბიზნესის სტატუსის ხელახალი მინიჭების შემთხვევაში, ფიზიკურ პირზე გაიცემა სერტიფიკატი ახალი სარეგისტრაციო ნომრით.

9. მიკრობიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს.

10. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით (განცხადებით მომართვის გარეშე) მიანიჭოს ფიზიკურ პირს მიკრო ბიზნესის სტატუსი და გადასცეს შესაბამისი სერტიფიკატი, თუ თვლის, რომ ფიზიკური პირი აკმაყოფილებს მიკრო ბიზნესისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

ცვლილებების ისტორია 2
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №207 - ვებგვერდი, 12.04.2011წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.