№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 5. მიკრო ბიზნესის საგადასახადო ანგარიშგება
1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები არ იხდიან მიმდინარე გადასახდელებს.
მაგალითი 1. (ამოღებულია - 30.10.2023, №403).
2. თუ ფიზიკური პირი მიმდინარე საანგარიშო წელს გადაწყვეტს მიკრობიზნესის სტატუსის მიღებას ან/და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მიკრობიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლას, მის მიერ მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას, ხოლო მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით.
მაგალითი 2
გიორგიმ 2021 წლის 25 ივნისიდან მიიღო მიკრობიზნესის სტატუსი. მოცემული მომენტისათვის მისი ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 15 000 ლარს, ბიუჯეტში კი მიმდინარე გადასახდელების სახით გადახდილი ჰქონდა 1000 ლარი. საანგარიშო წლის დასრულებამდე მან კიდევ მიიღო შემოსავალი 7000 ლარის ოდენობით.
ანალიზი:
ვინაიდან გიორგიმ სტატუსი მიიღო 2021 წლის 25 ივნისიდან, მიკრობიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმი გავრცელდება მის მიერ 2021 წლის 25 ივნისიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, ანუ 7000 ლარზე. ამასთან, მის მიერ სტატუსის მინიჭებამდე შემოსავლები (15 000 ლარი) დაექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას.
გიორგის მიერ 2022 წლის 1 აპრილამდე წარსადგენ დეკლარაციაში სპეციალური რეჟიმით დაქვემდებარებული შემოსავლების აღრიცხვის ნაწილში აისახება 7 000 ლარი. ამასთან, ფიზიკურ პირს სტატუსის მიღების შემდგომ მიმდინარე გადასახდელები აღარ დაერიცხება.“.
3. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს, მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში, არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება (საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება). ამასთან, არარეზიდენტი პირისაგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში იგი ვალდებულია ოპერაცია დაბეგროს დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით.
4. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.
5. თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი და მას არ მიუღია მცირე ბიზნესის სტატუსი, მის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება მიმდინარე გადასახდელების მიმართ.
51. თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრობიზნესის სტატუსი და მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.
6. თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრობიზნესის სტატუსი და მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.
7. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას. ამასთან, თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი შემდგომში მიმდინარე საგადასახადო წლის დასრულებამდე არ განაახლებს ეკონომიკურ საქმიანობას, საანგარიშო წლის მიხედვით მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში განმეორებით დეკლარაციის წარადგენა სავალდებულო არ არის.
მაგალითი 3.
გიორგის აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. 2011 წლის 1 ივლისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყვიტა საქმიანობა. ამ მომენტისათვის მას მიღებული ჰქონდა 8000 ლარის ოდენობის ერთობლივი შემოსავალი და 16 ივლისს საგადასახადო ორგანოში წარადგინა დეკლარაცია, თუმცა შეეძლო წარედგინა 12 აგვისტოს ჩათვლით.
შემთხვევა №1:
გიორგის აღარ განუახლებია ეკონომიკური საქმიანობა 2011 წლის საანგარიშო პერიოდში და შესაბამისად მას აღარ წარმოშობია ვალდებულება წარედგინა დეკლარაცია მიმდინარე საანგარიშო წელზე მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
შემთხვევა №2:
გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2011 წლის 7 ოქტომბერს განაახლა ეკონომიკური საქმიანობა. ამ მომენტიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელა ოპერაციები საერთო ღირებულებით 13000 ლარი. 2012 წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინოს დეკლარაცია, რომელშიც ერთობლივი შემოსავალი იქნება 21000 ლარი (8000+13000).
მაგალითი 4
პირობა:
გიორგი, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი, აღნიშნული სტატუსის ფარგლებში, ახორციელებს მთარგმნელობით საქმიანობას. გიორგიმ გადაწყვიტა დაიწყოს დაქირავებულ პირთა შრომის გამოყენება. შესაბამისად, მან საგადასახადო ორგანოს მიმართა მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მოთხოვნით.
ანალიზი:
იმის გათვალისწინებით, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს არ ეკრძალება დაქირავებულ პირთა შრომის გამოყენება, გიორგი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს, შესაბამისად მას უფლება აქვს მიმართოს საგადასახადო ორგანოს და მიიღოს მცირე ბიზნესის სტატუსი.
შედეგი:
გიორგის მიენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი და გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შესაბამისად, მის მიერ წლის დასაწყისიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე მიღებული შემოსავლები დაიბეგრება მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად, რის თაობაზეც გიორგი წარადგენს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას. ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თვიდან განახორციელებს ყოველთვიურ ანგარიშგებას მცირე ბიზნესისათვის დადგენილი წესით.
ცვლილებების ისტორია 7
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №466 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №201- ვებგვერდი, 29.08.2016წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 18.02.2021წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №403 - ვებგვერდი, 31.10.2023წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 06.02.2026წ.