№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 2. მიკრო ბიზნესის სტატუსი
1. მიკრო ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არის გადასახადის გადამხდელი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მიკრო ბიზნესის სტატუსის მისაღებად მეწარმე ფიზიკურ პირად, როგორც მეწარმე სუბიექტად ყოფნა სავალდებულო არ არის.
3. მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას;
ბ) დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიხედვითაც მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30000 ლარს, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა;
მაგალითი 1:
პირობა:
ჯონდი არის ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას – ინდივიდუალურად რძისგან ამზადებს რძის პროდუქტს (მაწონს) და უკეთებს რეალიზაციას. მოცემული მომენტისათვის იგი არ ახორციელებს სხვა რაიმე სახის საქმიანობას და არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას. ჯონდის აზრით (წინასწარი ვარაუდით), მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში რძის პროდუქტის (მაწვნის) რეალიზაციის შედეგად მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი ვერ გადააჭარბებს 30 000 ლარს.
ანალიზი:
იქიდან გამომდინარე, რომ ჯონდი არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას, აგრეთვე მისი ვარაუდით მისაღები მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი ვერ გადააჭარბებს 30 000 ლარს და მოცემული მომენტისათვის იგი არ ახორციელებს სხვა რაიმე სახის საქმიანობას, ჯონდი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მიკრობიზნესის სტატუსის მოთხოვნებს, შესაბამისად, მას უფლება აქვს მიმართოს საგადასახადო ორგანოს და მიიღოს მიკრობიზნესის სტატუსი.
შენიშვნა:
ჯონდის მიერ დამატებით, სხვა სახის საქმიანობის განხორციელება და, შესაბამისად, შემოსავლის მიღება არ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის, ან სტატუსის ქონის შემთხვევაში სტატუსის გაუქმების საფუძველი, თუ აღნიშნული საქმიანობა არ განეკუთვნება „ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით განსაზღვრული იმ საქმიანობების სახეებს, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს.
შედეგი:
ჯონდის მოთხოვნის შემთხვევაში მიენიჭება მიკრობიზნესის სტატუსი და გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
4.„ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით გათვალისწინებული დანართი №1-ით განსაზღვრულ საქმიანობის სახეებზე მიკრობიზნესის 30000-ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება და ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება.
მაგალითი 2
პირობა:
პირობები იგივეა, რაც პირველ მაგალითში იმ განსხვავებით, რომ ჯონდიმ რძის პროდუქტის (მაწვნის) რეალიზაციის შედეგად მიიღო ერთობლივი შემოსავალი 27 000 ლარი წლის განმავლობაში და ჯონდი თავისუფალ დროს რძის პროდუქტის (მაწვნის) წარმოებასთან და რეალიზაციასთან ერთად ახორციელებდა საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტს (მთავრობის დადგენილებით საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტზე არ ვრცელდება 30 000-ლარიანი ზღვარი), რის შედეგადაც მან მიიღო დამატებით 10 000 ლარი. შედეგად, ჯონდის ერთობლივმა შემოსავალმა მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში შეადგინა 37 000 (27 000+10 000) ლარი.
ანალიზი:
„ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის თანახმად, საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი განეკუთვნება იმ საქმიანობიდან ერთ-ერთს, რომლისგან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება და რომელზეც არ ვრცელდება მიკრობიზნესისთვის დადგენილი ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი, შესაბამისად, ჯონდის მიერ საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტიდან 10 000 ლარის ოდენობით მიღებული შემოსავალი მხედველობაში არ მიიღება და ამ შემოსავლის გარეშე მისი სხვა შემოსავალი კვლავ შეადგენს 27 000 ლარს, რომელიც არ აჭარბებს 30 000 ლარს.
შედეგი:
ჯონდის მიკრობიზნესის სტატუსი არ გაუუქმდება.
როგორც რძის პროდუქტის (მაწვნის) რეალიზაციიდან მიღებული 27 000 ლარი, ასევე საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტიდან მიღებული 10 000 ლარი დაექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას, შესაბამისად, გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.
5. „ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ით განსაზღვრული შემოსავლების მიღებისას:
ა) მიკრობიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება ასეთი შემოსავლები მიუხედავად ამ შემოსავლების ოდენობისა;
ბ) ასეთი შემოსავლები იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მიკრობიზნესის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში.
მაგალითი 3:
პირობა:
პირობები იგივეა, რაც მე-2 მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ ჯონდის გასესხებული ჰქონდა ფიზიკურ პირზე ფული, რის შედეგად პროცენტის სახით მიიღო შემოსავალი 3 500 ლარის ოდენობით და ასევე ჯონდის აჩუქეს 7000 ლარი (არც ერთი შემოსავალი წყაროსთან დაბეგვრას არ ექვემდებარებოდა და არ დაბეგრილა). ჯონდის ერთობლივმა შემოსავალმა მიმდინარე წელს 47 500 (27 000+10 000+3 500+7 000) ლარი შეადგინა.
ანალიზი:
ანალიზი იგივეა, რაც მე-2 მაგალითის ანალიზშია მოცემული, იმ განსხვავებით, რომ „ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ის თანახმად, პროცენტის სახით და ჩუქებით მიღებული შემოსავლები განეკუთვნება იმ შემოსავლებს, რომლებიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით (ერთობლივ შემოსავალთან მასთან დაკავშირებული ხარჯების შეპირისპირებით) და რომლებიც მიკრობიზნესისთვის დადგენილი ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში. შესაბამისად, ჯონდის მიერ პროცენტის სახით 3 500 ლარის ოდენობით და ჩუქების შედეგად 7 000 ლარის ოდენობით მიღებული შემოსავალი მხედველობაში არ მიიღება და ამ შემოსავლის გარეშე მისი სხვა შემოსავალი შეადგენს 27 000 ლარს, რომელიც არ აჭარბებს 30 000 ლარს.
შედეგი:
ჯონდის მიკრობიზნესის სტატუსი არ გაუუქმდება.
როგორც რძის პროდუქტის (მაწვნის) რეალიზაციიდან მიღებული 27 000 ლარი, ასევე საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტიდან მიღებული 10 000 ლარი, დაექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას, შესაბამისად, გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.
ჯონდი ვალდებულია პროცენტის სახით მიღებული 3 500 ლარი და ჩუქების შედეგად მიღებული 7 000 ლარი მიკრობიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლისგან განცალკევებულად ასახოს ერთობლივ შემოსავალში და დაბეგროს ჩვეულებრივი წესით.
6. მიკრობიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, თუ იგი ახორციელებს „ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრულ საქმიანობას (შემდგომში – მიკრობიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა), რომლის განხორციელება მიკრობიზნესის მიერ აკრძალულია და იწვევს სტატუსის გაუქმებას.
მაგალითი 4.
ჯონდი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას სათამაშო აპარატებით. იგი ელოდება, რომ მისი ერთობლივი შემოსავალი წლის ბოლოს არ გადააჭარბებს 30 ათას ლარს. აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტს მიმართოს საგადასახადო ორგანოს მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა საგადასახადო ორგანო მას არ აძლევს სტატუსს, ვინაიდან ზემოაღნიშნული საქმიანობა მიკრობიზნესისთვის აკრძალული საქმიანობაა.
ამ მუხლს მიუთითებს
№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ
ცვლილებების ისტორია 3
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №207 - ვებგვერდი, 12.04.2011წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №88 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.